დღევანდელი მომხმარებელი ბიზნესს მაღალ სტანდრატებს  უყენებს, ისინი ხარისხისა და ფასის გარდა სხვა სარგებელსაც ითხოვენ. „Cone Communication“-ის კვლევის მიხედვით ათიდან ცხრა მომხმარებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ  უპირატესობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს.

რაც კომპანიებმა გააანალიზეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობა ისინი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა საქმიანობებს ახორციელებენ.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility /CSR ) მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შვიდ თემას, ესენია:

  1. ბიზნესის ეთიკურად წარმოებას;
  2. ადამიანის უფლებების დაცვას;
  3. შრომითი სტანდარტების დაცვას;
  4. გარემოს დაცვას;
  5. მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობას;
  6. სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას;
  7. ბიზნეს საქმიანობის გამჭირვალობას.

 

„დღესდღეობით მომხმარებლების უმეტესობა ყოველთვის ირჩევს იმ პროდუქტს, რომელიც დაკავშირებულა სხვადასხვა სოციალურ და გარემოს დაცვით საკითხებთან. ისინი ანიჭებენ უპირატესობას გამჭვირვალე და ეთიკურ ბრენდებს.“ – დიან სიმს, კრეატიული სააგენტო „SPBX“-ის დამფუძნებელი.

მსოფლიოში კომპანიების უმეტესობა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. თუმცა, არსებობენ ორგანიზაციები, რომელთათვის CSR  სტრატეგიის ნაწილია. მაგალითად, „Ben and Jerry“ იყენებს მხოლოდ ეთიკურად ნაწარმოებ პროდუქციას. „Starbucks“-მა კი შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო სახელად C.A.F.E., რომელიც არეგულირებს ყავის მომწოდებლებთან ურთიერთობასა და მოთხოვნებს.

CSR სტრატეგიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია კომპანიამ გაითვალისწინოს, რომ მისი აქტივობები და სტრატეგია უნდა ემთხვეოდეს კომპანიის ღირებულებებს და პოლიტიკას.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შემუშავება და ამ მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა მომგებიანია, როგორც ბიზნესისთვის ასევე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის.

იმისათვის, რომ კომპანიამ მოიპოვოს ხალხის ნდობა, CSR სტრატეგია უნდა გახადოს გამჭვირვალე და ეთიკური.

ბიზნესს, რომლისთვისაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიის ნაწილია – კორპორაციულ მოქალაქეებად მოიხსენიებენ. აღნიშნული ტერმინიდან ნათლად ჩანს, რომ როგორც ადამიანს აქვს უფლებები და საზოგადოების წინაშე მოვალეობები, ანალოგიურია ბიზნესისთვისაც.

CSR-ის მნიშვნელობის გაცნობიერება 1995 წელს დაიწყო. „The Body Shop“-მა პირველმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც არ ეხებოდა ფინანსურ საკითხებს, არამედ კომპანიის ზეგავლენებს გარემოსა და საზოგადოებაზე.

ნიგერიაში ნავთობისა და გაზის კომპანიის „Royal Dutch Shell“-ის კრიზისმა განაპირობა CSR კონცეფციის მნიშვნელობის გაზრდა. 90-იანი წლების ბოლოს ნიგერიას დიქტატორი გენერალი სანი აბაჩა მართავდა, რომელიც „Royal Dutch Shell“ -ის ორმოცდაათ პროცენტიანი მეწილე იყო. სწორედ ამ პერიოდში, ჟურნალისტმა კენ სარომ გადაწყვიტა წასულიყო ნიგერიიდან და ყველასთვის საჯარო გაეხადა ნიეგრიაში მიმდინარე მოვლენები.

კომპანია „Royal Dutch Shell“-ისთვის თითქოს ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ ჟურნალისტი ადანაშაულებდა მათ და ამბობდა, რომ სწორედ ისინი, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აფინანსებდნენ დიქტატორულ რეჟიმს. სამწუხაროდ, ნიგერიაში დაბრუნებისთანავე ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯეს. კომპანია დადგა ძალიან დიდი კრიზისის წინაშე, რადგან მოსახლეობა არა მხოლოდ გენერლის, არამედ მათ წინააღმდეგაც აჯანყდა.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიწევს ჩვენს პრობლემებზე ფიქრი, ახლა უნდა ჩავერიოთ პოლიტიკურ საკითებშიც … შემოვიტანოთ დასავლეთის ეთიკა … და ვიზრუნოთ კიდევ სხვა უამრავ პრობლემაზე, მაგრამ ფაქტია, ჩვენ არ გვაქვს ამხელა ძალაუფლება, რომ მოვაგვაროთ ყველა ეს პრობლემა … და იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ეს უნდა მოვაგვაროთ.“ – აცხადებდა მაშინდელი „Royal Dutch Shell“-ის თავჯდომარე.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, კომპანიას მოუწია შეეცვალა დამოკიდებულება, რადგან გაანალიზეს რომ სწორედ საზოგადოების კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზე იყო დამოკიდებული მათი წარმატება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიის თავჯდომარემ განაცხადა: „ ჩვენ უნდა გავხდეთ მთავრობა, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ეს.“  სწორედ ეს განცხადება შეიძლება ჩაითვალოს ცვლილებების დასაწყისად.

მაგრამ სად იწყება და მთავრდება კომპანიის პასუხისმგებლობა და მოვალეობები?  ხშირად დასმულა კითხვა სხვადასხვა მენეჯერისგან: „ძალიან ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს ჩვენს დახმარებას, მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენ ისინი?“

სწორედ CSR სტრატეგია განსაზღვრავს კომპანიის მოვალეობებს და გვეხმარება სწორედ შევარჩიოთ თუ რომელი სოციალური პრობლემის გადაჭრაზე უნდა იზრუნოს კომპანიამ.

შესაძლოა, კომპანია მთელი მსოფლიო მასშტაბით მოღვაწეობდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით ან ერთ კონკრეტულ თემზე აიღოს პასუხისმგებლობა.

მაგრამ როგორ განვსაზღვროთ პასუხისმგებლობა? აუცილებელია, კომპანიამ დაამყაროს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩაატაროს კვლევა, შეხვდეს მის დაინტერესებულ მხარეებს და სწორედ ამის მერე განსაზღვროს თუ რომელ სფეროზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

კარგი იქნება თუ თავდაპირველად გაეცემა პასუხი შეკითხვებს: „შესაძლებელია ეს პრობლემა მოგვარდეს ჩვენს გარეშე ?“ „ჩვენი ჩართულობით ეს პრობლემა უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარდება?“  როდესაც კომპანია გასცემს ამ შეკითხვებს პასუხს, უფრო მარტივი იქნება მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების მიღება.

როდესაც კომპანია გაითავისებს, რომ ის წევრია იმ საზოგადოების, სადაც მოღვაწეობს და აქვს გარკვეული სახის პასუხისმგებლობები, აუცილებელია დაიწყოს მოქმედება. სწორედ დაგეგმილი აქტივობები კი მას გახდის ლიდერს და მოუპოვებს რეპუტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის.

იმისათვის, რომ მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავდეს კომპანიას, აუცილებელია ნდობის მოპოვება. მაგალითად ორი ადამიანი ერთად იწყებს ბიზნესს, თუ მათ შორის არ არის ნდობა, უფრო რთულია გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. ზუსტად ასეთი მიდგომა მუშაობს საზოგადოებასა და კომპანიას შორის.

როგორ უნდა მოიპოვო ნდობა? – ძალიან მარტივი ფორმულაა, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, პირდება საზოგადოებას გარკვეული ქმედებების განხორციელებას და იცავს პირობას.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში დაგეგმილი აქტივობები, აუცილებელია იყოს ხანგრძლივი და მდგრადი, მას უნდა მოჰქონდეს სარგებელი როგორც საზოგადოებისთვის ასევე ბიზნესისთვისაც.

ეს არის მუდმივი წრე, და რაც უფრო მეტ პირობას დადებს და შეასრულებს კომპანია, მით უფრო გაიზრდება მის მიმართ ნდობა და გაუმჯობესდება მისი რეპუტაცია.

აუცილებელია საზოგადოებას გააცნო თუ რას აკეთებს კომპანია, სწორედ ამისთვის კი აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს ყოველწლიური CSR ანგარიში და სხვადასხვა არხებით გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია.

რეპუტაცია ძალიან სათუთი თემაა, რადგან მარტივად შეიძლება დაინგრეს. მას შემდეგ რაც კომპანია მოიპოვებს ხალხის ნდობას და დაიმკვიდრებს კარგ იმიჯსა და რეპუტაციას, აუცილებელია მის შენარჩუნებაზე მუდმივად იზრუნოს.

საბოლოოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესი დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. კვლევები ადასტურებს, რომ საზოგაოდების მოთხოვნა კომპანიის მიმართ ძალიან შეცვლიალია და მისგან უფრო მეტს მოელის ვიდრე უბრალოდ პროდუქტს ან მომსახურებას.

კომპანია არის იმ საზოგადოების ნაწილი სადაც ის მოღვაწეობს, არის კორპორაციული მოქალაქე და თუ აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია და ჰყავდეს ლოიალური მომხმარებლები (ანუ ჰყავდეს მეგობრები), ამისათვის უნდა მოიპოვოს ხალხის ნდობა. ნდობა კი მხოლოდ ქმედებით მოიპოვება. სწორად დაგეგმილი და გრძელვადიანი CSR სტრატეგია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ამოცანის ამოხსნაში დაგეხმარებათ.


წყარო:

www.forbes.com