როგორც იცით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპლექსური საკითხია. ჩემს პირველ ბლოგში მე, ვისაუბრებ იმ დადებით შედეგებზე, რაც CSR სტრატეგიას მოაქვს ბიზნესკომპანიებისთვის.
როგორც საერთაშორისო მკვლევარები ამბობენ, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას დადებითი შედეგი მოაქვს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციისთვის, ლოიალურად განაწყობს მომხმარებელს და ამცირებს ბიზნესთან დაკავშირებულ რისკებს. (ბურკი და ლონგსდონი, 1996)
ნებისმიერი ბიზნესი პასუხისმგებელია დაინტერესებული მხარეების წინაშე. სწორედ მათთან ურთიერთობის დროს ბიზნესი იღებს სხვადასხვა პასუხისმგებლობებს. დაინტერესებულ პირებს აქვთ გარკვეული მოლოდინები თუ როგორ უნდა მოიქცეს კომპანია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ორი იდენტური კომპანია და, შესაბამისად, არ არსებობს იდენტური მოლოდინები.
ხშირად ისმის კითხვა, და მაინც რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა დადებითი შედეგები მოაქვს მას ბიზნესისთვის?
CSR – იმიჯი და რეპუტაცია
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) პოზიტიურად აისახება კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე. სწორედ ბრენდის რეპუტაცია აჩენს ნდობას, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. ძალიან ბევრი შემთხვევა აჩვენებს, რომ კომპანიებმა, რომლებმაც CSR გახადეს სტრატეგიის ნაწილი, არა მარტო დაიბრუნეს და აღიდგინეს რეპუტაცია, არამედ გაძლიერდნენ და დღეს ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოებიც არიან. ამის ძალიან ცნობილი მაგალითია NIKE-ის შემთხვევა. გთხოვთ აღნიშნული Case ნახოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
CSR და კომპანიის თანამშრომლები
სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების ტოპ-მენეჯერები აღიარებენ, რომ CSR პროგრამები თანამშრომლებში ზრდის მოტივაციას.
2003 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს MBA-ს კურსდამთავრებულებმა. აღმოჩნდა, რომ ისინი მზად არიან იმუშაონ შედარებით დაბალ ხელფასზე ისეთ კომპანიაში, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელია.
აქვე დავამატებ, რომ პროფესიონალები ყოველთვის ეძებენ კომპანიებს, რომლებსაც კარგი CSR სტრატეგია აქვთ.
სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი ინარჩუნებს და იზიდავს პროფესიონალებს, რაც მომავალში კომპანიის წარმატების ზრდის საწინდარია.
CSR და მომხმარებელი
ნებისმიერ კომპანიას იმდენად კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა, რომ CSR არის მისი შანსი იყოს განსხვავებული და შექმნას განსხვავებული პროდუქტი (ამის კარგი მაგალითია Body Shop).
Cone Communications-ის მიერ 2015 წელს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 9 ადამიანი მზად არის გადაიხადოს უფრო მეტი სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის მიერ წარმოებულ პროდუქტში. გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ უპირატესად იძენს პროდუქტს, რომელიც ეთიკურად არის ნაწარმოები და ემსახურება სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას.
CSR და ინვესტორები
ბოლო წლებში მომრავლდა სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტიციები. ასეთი ინვესტორები მხოლოდ სოციალურად პასუხისმგებელ და CSR სტრატეგიის მქონე კომპანიებში დებენ ინვესტიციებს. ნებისმიერი ინვესტორი მიიჩნევს, რომ CSR სტრატეგიის ქონა კომპანიისთვის დამატებითი პლუსია და ინვესტიციის განხორციელებისას ზოგჯერ გადამწყვეტი ფაქტორიც კი ხდება, რადგან ასეთი კომპანიას გრძელვადიანი გათვლები აქვს, მდგრადია და კარგი რეპუტაციით სარგებლობს ბაზარზე.
2 მნიშვნელოვანი რჩევა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
სანამ დაიწყებთ კომპანიის CSR აქტივობებზე ფიქრს, გახსოვდეთ:
1. ნებისმიერი პროექტისთვის უნდა შემუშავდეს სტრატეგია დაინტერესებული პირების მონაწილეობით, რათა უკუკავშირი მიიღოთ მათგან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პროგრამა უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან მოკლევადიან პროგრამებს არანაირი შედეგი არ მოაქვს.
2. აუცილებელია CSR აქტივობები ემთხვეოდეს კომპანიის სტრატეგიას და იყოს მისი ნაწილი. ცუდი სტრატეგია უარყოფითად განაწყობს დაინტერესებულ პირებს და, შესაძლოა, ცინიკური დამოკიდებულებაც კი გააჩინოს მათში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შემუშავებითა და ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობებით, არა მხოლოდ დაინტერესებული მხარებიის გულს იგებთ, არამედ აგვარებს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს და წვლილი შეგაქვთ ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
„მათი (კომპანიების) რაოდენობისა და შემოსავლების გათვალისწინებით, კომპანიებს შეუძლიათ მოაგვარონ სოციალური პრობლემები და მოახდინონ დადებითი ზეგავლენა საზოგადოების კეთილდღეობაზე“ – სუზან სტივენსი, WeSpire-ის დამფუძნებელი და CEO.
ავტორი:
ელენე ჩხეიძე
კომენტარის დატოვება