ვინ არიან მილენიალები? თაობა,რომელიც დაიბადა 1977-2000 წლებში და რომელიც სულ უფრო მეტად ხდება გავლენიანი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კერძო თუ საჯარო სექტორში სულ უფრო მეტად უნდა გაითვალისწინონ მილენიანთა პრეფერენციები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ბლოგი www.milennialmarketing.com გვეუბნება, მილენიალთა 50% უფრო მეტი სიამოვნებით შეიძენდა რაიმეს იმ კომპანიისგან,რომელიც მხარს უჭერს რაიმე ღირებულ სოციალურ მოვლენას (Cause). ის ბრენდები, რომლებიც მხოლოდ მოგებაზე კი არა სხვა მიზნებზეც ფიქრობენ, უფრო მეტ სიყვარულსა და აღიარებას იღებენ მილენიალებისგან. გამოკითხულთა 37% განაცხადა ,რომ ისინი შეიძენდნენ ისეთ პროდუქციას ან მომსახურებას,რომელიც მხარს უჭერს იმ ღირებულ სოციალურ მოვლენას, რომლისაც მათ სჯერათ,მაშინაც კი თუ ეს მათთვის უფრო ძვირი იქნებოდა.

ყველა ქვეყანაში მილენიალები არიან ტექნოლოგიების მოყვარულები, კომფორტისა და მოგზაურობის მოყვარულები, დაინტერესებული არიან სოციალური პრობლემებით, ჩართული არიან მოხალისეობრივ პროექტებსა და ფილანტროპიაში.

კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ მილენიალების შეხედულებები და ღირებულებები, იქნებიან ისინი თანამშრომლები თუ მომხმარებლები.

ზოგადად მილენიალები :

  • ჩართული არიან სოციალურ მოვლენებში რათა დაეხმარონ სხვა ადამიანებს და არა ინსტიტუციებს;
  • მხარს უჭერენ სოციალურ მოვლენებს მეტად ვიდრე ორგანიზაციებს;
  • ურჩევნიათ დაიწყონ მცირე ნაბიჯებით, სანამ მთლიანად ჩაერთვებიან სოციალური მოვლენის მოგვარებაში;
  • განიცდიან თავიანთი თანატოლების გადაწყვეტილებებისა და ქცევის გავლენას;
  • ყველა აქტივს (დრო,ფული,ნაცნობობა და სხვა) აფასებენ თანაბარი ღირებულების მქონედ.

უამრავი კვლევა არსებობს CSR -ისა და მილენიალების დამოკიდებულების შესახებ. ერთ-ერთი ბლოგის მიხედვით, Nielsen -ის კვლევა გვეუბნება, რომ მილენიალების 73% ურჩევნია იმუშაოს სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიაში (იხილეთ https://www.agilitypr.com/pr-news/public-relations/why-brands-need-to-pay-attention-to-millennials-csr-ideals-now/) . უფრო მეტიც, 81 % ელოდება,რომ მათი საყვარელი ბრენდები კარგ კორპორაციულ მოქალაქეობრივ ინიციატივებში კონტრიბუციას გააკეთებენ. როგორც Jamie Gutfreund, The Intelligence Group -ის მთავარი სტრატეგიული ოფიცერი ამბობს,ბრენდები უნდა გადავიდნენ არა მარკეტინგული ROI-ის დათვალაზე, არამედ  ROR -ის ანუ Return on Relationship -ის დათვლაზე.

სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, მილენიელები ისეთ კომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც არიან გამჭვირავალე, სოციალურად კარგ საქმეებს აკეთებენ, და საშუალებას აძლევენ მილენიალებს ამ კარგ ინიციატივებში იყვნენ ჩართულები.

ეს ციფრები არის ამერიკელ მილენიალებზე, საქართველოში რა ხდება ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მივიხედ-მოვიხედოთ და ჩვენი ნაცნობები გამოვკითხოთ/დავაკვირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, ვფიქრობ რომ ჩატარებულიყო ასეთ მაღალ მაჩვენებლებს ვერ მივიღებდით. საბედნიეროდ ჩვენს ირგვლივ არიან ისეთი მილენიალები (და არა მარტო ისინი),რომლებიც ზრუნავენ გარემოზე, ერთვებიან  მოხალისეობრივ საქმიანობაში თავისი თემის/საზოგადოების სასარგებლოდ, უპირატესობას ანიჭებენ ისეთი კომპანიების პროდუქტის/სერვისის შეძენას,რომლებიც გამოირჩევიან მაღალი საზოგადოებრივი აქტივობებით. ეს დასაფასებელი და წასახალისებელია, თუმცა ისიც ფაქტია,რომ ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის მილენიალებსაც ბევრი არაფერი გაუგია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და შესაბამისად არც იცის რა სიკეთის მოტანა შეუძლია პასუხისმგებლიან კომპანიას საზოგადოებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ამის გამოსასწორებლად , ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ ავამაღლოთ ცნობიერება ამ მიმართულებით.

ეს ბლოგიც სწორედ ამას ემსახურება. ნებისმიერი ცვლილებისთვის საჭიროა ჯერ ცნობიერების ამაღლება, ამას მოჰყვება – დამოკიდებულების ცვლილება და ბოლოს – უკვე ქცევა. ყველანაირი ცვლილება ხომ ასე იწყება. პოზიტიური ცვლილებების დრო მოვიდა…

 


ავტორი: მარიკა მჭედლიძე
Please follow and like us: