სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ბრენდის, „პატაგონიის“ დამფუძნებლის, ივონ ჩუინარდის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან კომპანიის მოგება  საუკუნის მთავარ გამოწვევას – კლიმატის ცვლილების პრობლემის დაძლევას მოხმარდება.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ თავდაპირველად კომპანიის გაყიდვას და თანხის საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნესზე კონტროლის დათმობა სხვისთვის მოუწევდა, რაც კომპანიის ღირებულებებს ეჭვქვეშ დააყენებდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, ჩუინარდმა მთელი ქონება გადასცა ორ ახლადდაარსებულ ორგანიზაციას:  პატაგონიის მიზნობრივ ტრასტს, რომელსაც ჩუინარდების ოჯახი მართავს, და რომელიც დაფუძნდა კომპანიის ღირებულებათა შესანარჩუნებლად და არაკომერციულ ორგანიზაციას Holdfast Collective, რომელიც გარემოსდაცვითი კრიზისის დაძლევაზე მუშაობს. ორივე ორგანიზაცია დაფუძნდა იმისათვის, რომ კომპანია დამოუკიდებელი დარჩეს და ყოვეწლიურად მისი მოგება, რომელიც 100 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და გარემოს დაცვას მოხმარდეს. კომპანია ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, თუმცა მისი უზარმაზარი ქონება და შემოსავლები აღარ ეკუთვნის ჩუინარდების ოჯახს, მეტიც, ოჯახი არ მიიღებს არანაირ საგადასახადო შეღავათს – მათ 17.5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ გაცემულ დონაციაზე გადასახადის სახით.

„ახლა დედამიწაა ჩვენი ერთადერთი მეწილე“ – განაცხადა ივონ ჩუინარდმა, რომელიც ამბობს, რომ ყოველთვის რცხვენოდა საკუთარი სიმდიდრის და საშინლად გრძნობდა თავს მილიარდერის სტატუსის გამო. ეს ასეცაა,  პატაგონიის გაყიდვები წელს 1.5, ხოლო ივან ჩუინარდის  ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ივონ ჩუინარდმა კომპანია 1973 წელს, საკუთარი სპორტული გატაცების გამო შექმნა. კლდეზე ცოცვის ფანატიკოსს  არასდროს სურდა ბიზნესმენობა, მაგრამ უყვარდა თავისი ჰობი, რამაც  პირადი მოხმარებისთვის ჯერ კლდეზე საცოცი აღჭურვილობის და შემდგომ სპორტული ტანსაცმლის შექმნა გადააწყვეტინა. საბოლოოდ კი ივონ ჩუინარდმა,  პატაგონიის სახით უაღრესად წარმატებული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი ჩამოაყალიბა, რომელსაც თავისი საკულტო მიმდევრები ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ პატაგონიას პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად მაღალია, მაგალითად ერთი მაისურის ღირებულება შესაძლოა იყოს 40 £, ხოლო ჯემპრისა – 200 £, თუმცა აღნიშნული ბრენდის სამოსი განკუთვნილია მთელი ცხოვრების მანძილზე გამოსაყენებლად. პატაგონიის დამფუძნებლის თქმით, იაფი, სწრაფი მოდა წყევლაა ბრენდისთვის. „ჩვენ ინვესტიციას ვდებთ იმაში, რომ ვიყენებთ ნაკლებ წყალს, ნაკლებად საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და საღებავს, ასევე გამოიყენება ნაკლები ნახშირბადი ჩვენს პროდუქციაში, რაც ხშირად შედარებით მეტის გადახდას გულისხმობს.“

ფირმის მარკეტინგული კამპანიები მუდმივად ორიენტირებულია ხალხისთვის მათი რეალური საჭიროებების შეხსენებაზე. სწორედ ამის მაგალითია ჯერ კიდევ 2011 წელს, საკუთარ პროდუქციაზე გაკეთებული სარეკლამო განცხადება – “Don’t buy this jacket – „ნუ იყიდით ამ ქურთუკს“ – რომელიც მომხმარებელს მოუწოდებს შეიძინონ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სჭირდებათ.

დედამიწის რესურსები უსაზღვრო არაა, ამიტომ პლანეტის გადასარჩენად საჭიროა მოქმედება. „პატაგონია“ 50 წელია შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს პასუხისმგებელი ბიზნესის წარმოებას, თუმცა 2018 წლიდან მთლიანად შეიცვალა კომპანიის პოლიტიკა და   ახლა, მათი დეკლარირებული მიზანია მუშაობა პლანეტის გადასარჩენად.

„იმედი მაქვს, წვლილს შევიტან ახალი სახის კაპიტალიზმის ჩამოყალიბებაში, კაპიტალიზმისა, რომლის შედეგადაც არ გვეყოლება რამდენიმე მდიდარი და უამრავი ღარიბი ადამიანი. ჩვენ გადავცემთ ჩვენს ქონებას იმათ, ვინც აქტიურად მუშაობს პლანეტის გადასარჩენად“ – ამბობს ივონ ჩუინარდი.

წყაროები:

Earth is now our only shareholder by Yvon Chouinard

BBC, Patagonia: Billionaire boss gives fashion firm away to fight climate change

NSS Magazine, Patagonia founder will give away entire company to save the planet

 


4.10.2022

 

Please follow and like us: