დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში „Black Friday “- ის სახელითაა ცნობილი, ჩვენს გარემოს და საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანს ძალიან ძვირი გვიჯდება. „შავი პარასკევის“ მასიური გაყიდვები ერთსა და იმავე დროს – ნოემბრის მეოთხე პარასკევს იწყება. ამ დღეს ხშირად აღწერენ, როგორც “ყიდვა მხოლოდ ყიდვის ხათრით.“

წელს, 25 ნოემბერს, „შავ პარასკევს“ ნულოვანი ნარჩენის სოციალური სივრცე, „ზერო ეფექტი“  მომხიბვლელი შეთავაზებების ნაცვლად მომხმარებელს გადამუშავების შესახებ შემეცნებით ვორქშოპზე დასწრებას, ძველი ნივთების გაცვლა-გამოცვლას და ეკომეგობრულ გარემოში მწვანე პარასკევის აღნიშვნას სთავაზობს.
„ზერო ეფექტი“ საქართველოში დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომლის მიზანია ნარჩენების შემცირება მდგრადი წარმოებისა და მოხმარების წახალისებით.       

პლასტმასის ნივთების ერთჯერადად მოხმარებამ და გარემოსთვის საზიანო ნივთების გამოყენებამ დააფიქრა საწარმოს დამფუძნებლები ნულოვანი ნარჩენის ფილოსოფიასა და ნარჩენების წარმოქმის პრევენციულ ღონისძიებებზე. ამ იდეით გაიხსნა სივრცე, რომელიც აერთიანებს ეკომეწარმეების პროდუქციას და მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ამავდროულად, სოციალური საწარმო ზრუნავს ნარჩენების მართვის შესახებ ადამიანების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

CSR ბლოგის სტუმარიაზერო ეფექტისერთერთ დამფუძნებელი, ანი ჭყოიძერომელიც გვესაუბრება სოციალური საწარმოს მთავარ მიზნებზე, განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე.

ზერო ეფექტის შექმნის იდეა 4 წლის წინ მე და ჩემს ორ მეგობარს გაგვიჩნდა. მაშინ ჩვეულებრივ, ოფისურ სამსახურში ვმუშაობდი, სადაც ყოველდღიურად ლანჩის დროს ძალიან ბევრი პლასტმასის ნივთი გროვდებოდა. დავსვით კითხვა, სად მიდის ჩვენ მიერ ყოველდღიურად გამომუშავებული ნარჩენები?

დავინტერესდით, რაღაცების კითხვა დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ ნულოვანი ნარჩენის ფილოსოფია. ეს არის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციაზე ორიენტირებული წესების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება ზედმეტი ნარჩენების წარმოქმნისგან დავიცვათ გარემო. უნარჩენოდ ცხოვრება რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ მისი შემცირება კონკრეტული ჩვევების შეცვლით შესაძლებელია. იდეურად მოგვეწონა, შემდგომ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანების ცხოვრების სტილია, საზღვარგარეთ ორგანიზაციების ყოველდღიურობის ნაწილიც კია. მოგზაურობის დროს უკვე ვინტერესდებოდით და ვცდილობდით ნულოვანი ნარჩენების სივრცეები გვენახა. ამან დაგვაფიქრა საქართველოშიც შეგვექმნა სივრცე, სადაც ნარჩენების პრობლემაზე ვისაუბრებდით, ეკომეწარმეებს ხელს შევუწყობდით ეკომეგობრული ნივთების რეალიზებაში და ასე დაიწყო ეს ამბავი.

რა ცოდნა და გამოცილება დაგხვდათ საქართველოში? ვინმეს ჰქონდა ეს გზა გავლილი?

ჩვენამდე ძირითადად საუბრობდნენ ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. თუმცა ჩვენ დავიწყეთ საუბარი პრევენციაზე. მოგეხსენებათ ბოლო ეტაპია გადამუშავება, მთავარია რომ მანდამდე პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ.

ბიზნესები ადრე ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ ახლა
თანამშრომლებისთვის ხშირად აკეთებენ ეკომეგობრულ საჩუქრებს, რაც სასიხარულოა.

როგორ გააფართოვეთ მხარდამჭერთა წრე

ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები. თავიდან უცხოელები აქტიურობდნენ, მათთვის ამ სივრცის კონცეფცია ნაცნობია. ახლა ქართველებიც ხშირად შემოდიან მაღაზიაში, მაგრამ შემეცნებით ღონისძიებებს არ ესწრებიან, ვისურვებდი ჩვენს ღონისძიებებში მეტად ჩაერთონ.

გვყავს მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებთან ერთდაც ვატარებთ სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, ფილმის ჩვენებებს, ასევე ვთანამშრომლობთ თითქმის ყველასთან, ვინც გარემოსდაცვითი მიმართულებით მუშაობს.

აქტივობები ტარდება თვეში ერთხელ, მაგალითად გაცვლა-გამოცვლა, სადაც ადამიანებს მოაქვთ ძველი ნივთები და ერთმანეთში ცვლიან, რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ. ძალიან სახალისოა, მოაქვთ ტანსაცმელები, წიგნები, სათამაშოები და ყოველ თვე იმართება ასეთი აქტივობები. ზერო ეფექტი, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ნოემბრის თვეში “შავი პარასკევის” ალტერნატიულ “მწვანე პარასკევს” აწყობს. აქტივობის მიზანია გაუაზრებელი შესყიდვების ნაცვლად წავახალისოთ მდგრადი აქტივობები, გარდა ამისა, ღონისძიებაზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჩვენი ნარჩენების შეგროვების პუნქტის მოწყობას.                    

ძირითადად ვინ ინტერესდება ამ ღონისძიებებით?

უფროსები, ბავშვები, სტუდენტები… ახლა სკოლებიც დაინტერესდნენ და გვინდა ბავშვებზე მორგებული შემეცნებითი კურსიც გავაკეთოთ. გვსურს საჯარო სკოლებს შევთავაზოთ, რადგან საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფრო ნაკლებად აქვთ საინტერესო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა. კარგი იქნება ამ კუთხით ვინმესთან ერთდ ვითანამშრომლოთ, ვინც დააფინანსებს ჩვენს ამ ინიციატივას.

ანი, როგორც ვთქვით ზერო ეფექტი ორი მიმართულებით მუშაობს, უკვე ვისაუბრეთ შემეცნებით აქტივობებზე, ახლა მოგიგვიყევით თქვენს ეკომეგობრულ პროდუქტებზე, ნივთებზე, რომელსაც აწარმოებთ და სთავაზობთ მომხმარებელს. 

პირველ რიგში ვცდილობთ ყოველდღიური ნივთების ჩამნაცვლებელი ნივთები ვაწარმოოთ და არა დეკორატიული. გვაქვს სამზარეულოს, აბაზანის ნივთები და თავის მოვლის საშუალებები. ასევე ლანჩზე ან საყიდლებზე წასვლის დროს საჭირო ჩანთები, კონტეინერები, წყლის ბოთლები და სხვა.

ტექნიკურად ამ პროდუქტების წარმოება საქართველოში რამდენად ხელსაყრელია?

მდგრადი პროდუქტების წარმოება საკმაოდ რთულია. მაგალითად ბამბუკი გვაქვს, მაგრამ მისგან პატარა ნივთების წარმოების გამოცდილება ქვეყანაში არ არის, ძირითადად ავეჯს ამზადებენ არადა პლასტმასას ძალიან კარგი ჩამნაცვლებელია ბამბუკი.

ასევე არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პროდუქტს არავინ აწარმოებს, ამიტომ ვუთანხმდებით პირობითად მკერავს, რომელსაც დიზაინს ჩვენ ვაძლევთ და გვიმზადებენ.
ხშირად შეფუთვის ნაწილშია პრობლემა – მაგალითად თავის მოვლის ხარისხიანი პროდუქტები საქართველოში ნამდვილად იწარმოება, თუმცა ხშირად შეუთვაა ისეთი რომელიც არ არის მდგრადი. ნელ -ნელა ამ კუთხითაც ცნობიერების ამაღლება ხდება.

როგორც ვიცი ნარჩენების ოთახის კონცეფციაზე მუშაობთ. მოგვიყევით
სამომავლო გეგმებზე.

დიახ, აქამდეც ვიღებდით ნარჩენებს – პლასტმასას, ალუმინს, შუშას და ქაღალდს. ახლა შევწყვიტეთ რადგან ფიზიკურად ვეღარ ვატევდით. ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და ვეღარ ვახერხებდით ნარჩენის მართვას. მივხვდით, რომ ამ საქმისთვის სხვა რესურსებია საჭირო, გვაქვს ოთახი, რომლის მოწყობაც გვინდა.

სწორედ ამ მიზნით, ორბელიანი საქართველოს ქრაუდფანდინგის პროექტში ჩავერთეთ, გამოვიყენეთ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა. ყველა ეტაპი წარმატებით გავიარეთ, ახლა სახალხო დაფინანსების ეტაპზე ვართ – უნდა შევაგროვოთ 4000 ლარი, რის შემდეგაც USAID -ი დაგვეხმარება ჩვენი იდეის განხორციელებაში.
გრანტის ფარგლებში გვინდა სივრცის ტექნიკით აღჭურვა – ლეპტოპით, პროექტორითა და სხვა ბევრი საჭირო ნივთით, რათა ვორქშოფების მიმართულება უფრო კარგად განვავითაროთ. სივრცეც შეიცვლება, ოთახი დაგვემატება, დახლები, თაროები.
გვახარებს ეს ყველაფერი, რადგან გვქონდა კრიზისული პერიოდები – კოვიდი, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ სივრცე შევინარჩუნეთ და ვფართოვდებით კიდეც.

წარმატებებს გისურვებთ, მჯერა, რომ ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად მიაღწევთ მიზანს. შევხვდებით მწვანე პარასკევს “ზერო ეფექტში”!

ესაუბრა: გვანცა გილაური

Please follow and like us: