ყველა ადამიანის საბოლოო მიზანია იყოს რეალიზებული, დასაქმებული და დამოუკიდებელი, რისთვისაც ბავშვობიდან იღებს განათლებას და ამაში მას ოჯახი და გარემო ეხმარება. თითქოს აქ ახალი და განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ მაშინ, როდესაც ხარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.
2010 წელი იყო, დაიბადა ჩემი მეორე შვილი დაუნის სინდრომით. არაფერი ვიცოდი ამ მდგომარეობის შესახებ. დავიწყე ძიება, ვერ ვიპოვე ქართულ ინტერნეტ სივრცეში რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, მაშინ როცა უცხოური საიტები სავსე იყო ინფორმაციით, რომლის ამოწურვაც დღემდე ვერ შევძელი. ჩემი პირველი პროტესტი და ცვლილებების სურვილი სწორედ აქედან დაიწყო: მომინდა დამესუსტებინა არსებული სტიგმა, ღიად მესაუბრა შვილის მდგომარეობის შესახებ და მომეძებნა სხვა მსგავსი ოჯახები.
დავუკავშირდი სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებს და დავიწყე მათთან მიმოწერა, აღმოვაჩინე 21 მარტის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის არსებობა, რომელსაც ბევრი ქვეყანა არაფორმალურად აღნიშნავდა ყოველწლიურად. ამ დღის ინიცირება მოხდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაეროში. იგი 2011 წლის 10 ნოემბერს ხმათა უმრავლესობით, რაშიც საქართველომაც შეიტანა წვლილი, იქნა მიღებული. 2012 წლიდან სამოცამდე ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც დავიწყეთ ამ დღის აღნიშვნა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს მსოფლიო გზავნილებს, რომელთა გარშემოც ყველა ქვეყანა აწყობს თავის კამპანიას.
2013 წელი იყო, მსოფლიო გზავნილია – „მე მინდა მუშაობა.“ რამდენიმე მშობელმა, რომლებიც უკვე გაერთიანებული ვიყავით ამ თემის გარშემო, დავიწყეთ ფიქრი, როგორ ავყოლოდით მსოფლიოს. მოგვიწია ბევრი კამათი და არგუმენტირებული მსჯელობა, გვესაუბრა თუ არა დასაქმების საჭიროებაზე, მაშინ როცა ჯერ ისევ ტოვებდნენ სამშობიაროებში მშობლები შვილებს დაუნის სინდრომის გამო. ვიქნებოდით თუ არა სასაცილოები, გაიგებდა თუ არა ამას საზოგადოება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დასაქმების გამოწვევებზე მსჯელობენ, როცა საქართველოში ამ თემაზე საუბარი ხმამაღლა ჯერ ისევ ტაბუდადებულია. საბოლოოდ წავედით „რისკზე“, გადავიღეთ ვიდეო რგოლი გიგო შიუკაშვილის მონაწილეობით, რომელიც იყო სამუშაოს მაძიებლის როლში და ამბობს, რომ უნდა მუშაობა.
ჩემი გოგონა ამ დროს იყო სამი წლის, ძალიან პატარა იმისათვის, რომ მის დასაქმებაზე მეფიქრა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და მასთან ურთიერთობა ყოველთვის მისი დამოუკიდებლობის ხელშეწყობაზე მუშაობა იყო, ნებისმიერი თამაში თუ პარკში გასეირნება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას ემსახურებოდა.
სწორედ მსოფლიო გზავილმა მოახდინა ჩემში სრული გარდატეხა; ამომიტრიალა ყველა ჩემი მიზანი, ყველაფერი, რასაც მანამდე ვაკეთებდი. მივხვდი, რომ სწორედ დასაქმებაა ამოსავალი წერტილი და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ამას უნდა მოხმარდეს, და ყველა გზა სწორედ დასაქმებისკენ უნდა მიდიოდეს. მე ხომ ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს გვერდით, როგორ უნდა გააგრძელოს მან ცხოვრება უჩემოდ, თუ არ იქნება რეალიზებული და არ ექნება თავისი შემოსავლის წყარო, თუნდაც მინიმალური. მაშინ რჩება ერთადერთი გზა, რომ მოხვდეს ინსტიტუციაში, სადაც მასზე „იზრუნებს“ სახელმწიფო მის მსგავს სამოცდაათ, ან უკეთეს შემთხვევაში ოცდახუთ კაცთან ერთად, მაშინ როცა მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ის ცხოვრობდეს სოციუმში და დაცული იყოს ყველა მისი უფლება.
როდესაც ადამიანთა ჯგუფი, განსაკუთრებით კი მშობლები, ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან, ამ იდეას ყოველთვის ხორცი ესხმება და გარემოც ისე ლაგდება, რომ დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში. სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით გადავიკვეთეთ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“, რომელიც მუშაობდა სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე საქართველოში. სწორედ მათგან მიღებულმა ცოდნამ და მხარდაჭერამ გვიბიძგა გაგვეკეთებინა სოციალური საწარმო, რომელშიც დავინახეთ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების გზა. 2014 წლიდან დავიწყეთ ამაზე ერთობლივი მუშაობა და 2015 წლიდან არსებობს პატარა სოციალური საწარმო „ბაბალე“ – სახელი უკავშირდება საქართველოში წინაქრისტიანული ხანის მზის სიმბოლოს ბაბალეს, რომელიც ოჯახებისა და ბავშვების მფარველად მიიჩნეოდა.
„ბაბალე“ დღეს იქცა ერთგვარ საზოგადოებრივ ცენტრად, სადაც პირველ რიგში ოჯახების გაძლიერების და ინტელექტუალური დარღვევებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა ხდება. „ბაბალე“ არაა ერთადერთი დახმარების ადგილი, ჩვენთან მოსულ ახალგაზრდებს ვეხმარებით მსოფლმხედველობის გაფართოებაში, პროფესიული უნარების განვითარებაში და დასაქმებაში მათი სურვილების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
დღეს 2018 წელია, ხუთი წელი გავიდა გაეროს იმ გზავნილიდან, რომელმაც დიდი როლი შეასრულა „ბაბალეს“ არსებობაში, გზავნილის მთავარი გამხმოვანებელი და მოქმედი გმირი, გიგო შიუკაშვილი დღეს დასაქმებულია თავისი პროფესიით თბილისის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.
სწორედ აქ ვხედავ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობით ისინი არა მხოლოდ ფინანსურად აძლიერებენ საწარმოს, არამედ წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში. და თუ ბიზნესს თავის თავზე აღებული აქვს გარკვეული სახის სოციალური პასუხისმგებლობა, თუ მისი თანამშრომლები და დამფუძნებლები ზრუნავენ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ და სხვა სოციალური საწარმოები მუშაობენ, მაშინ მათთან თანამშრომლობა არის ის გზა, რომელიც უფრო სწრაფად და მოქნილად, ყველას ერთად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე.
„ბაბალე“ განაგრძობს მუშაობას. მშობელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად იგი იარსებებს და გააგრძელებს თავისი მისიის შესრულებას, მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება ოჯახებს და ქვეყანას.
ლია ტაბატაძე
კომენტარის დატოვება