დღევანდელი ჩვენი ბლოგის სტუმარია ელენ კოენი.  ელენს ბიზნესის მდგრადი განვითარების მართვისა და კონსულტაციის კუთხით 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იყო ევროპის Procter and Gamble-ს მოწოდების ჯაჭვის აღმასრულებელი მენეჯერი, და 7 წელი ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ვიცე პრეზიდენტი Unilever-ში. 2005 წლის შემდეგ ელენი სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს და ატარებს ტრენინგებს CSR ანგარიშგების შესახებ. Trust Across America-მ ელენი სანდო ბიზნესების ინტელექტუალური ლიდერების ასეულში დაასახელა და მიანიჭა ცხოვრებისუელი მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო.

  1. ქ. ელენ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარი. თქვენი გადმოსახედიდან, რას გულისხმობს კომპანიის მდგრადი განვითარება ?

კერძო სექტორისთვის მდგრადი განვითარება წარმატების საწინდარია, თუ კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს, ამასთანავე ყოველწლიურ ანგარიშს აბარებს საზოგადოებას, მოქმედებს ეთიკურად და გამჭვირვალედ ის კომპანია შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებელ კომპანიად.

 

  1. მოდით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ანგარიშგებაზე. რა სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის მდგრადი განვითარების/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის გამოქვეყნებას?

ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებას კერძო სექტორისთვის დადებითი შედეგები მოაქვს. მდგრადი განვითარების/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის გამოქვეყნებას აქვს ბევრი დადებითი მხარე, მათ შორისაა: გაუმჯობესებული რეპუტაცია, მოტივირებული თანამშრომლები, ეთიკურ და სოციალურ ინვესტიციებზე წვდომა, ხარჯების შემცირება, „სოციალური ლიცენზიის“ მოპოვება და ა.შ.

აქვე ავღნიშნავ, რომ კერძო სექტორი ხშირად ექცევა წნეხის ქვეშ და დაინტერესებული მხარეები მისგან ითხოვენ ყოველწლიურ ანგარიშს. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს ინვესტორების ზეწოლა ან კონკურენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში და ა.შ.

საბოლოო ჯამში კი, თანმიმდევრული ანგარიშგებით კომპანია მოიპოვებს ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

 

  1. მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ბიზნეს კომპანიებმა გამოავლინონ დაინტერესებული მხარეები და დაამყარონ მათთან კომუნიკაცია?

ნებისმიერ ბიზნეს კომპანიას აქვს ზეგავლენა გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. დაინტერესებულ მხარეებს კი უფლება აქვთ იცოდნენ, თუ რა გავლენა აქვს კომპანიას მათ ცხოვრებაზე.

CSR აქტივობების კომუნიკაცია კომპანიას საშუალებას აძლევს წარმართოს სწორი და საინტერესო დიალოგი მის დაინტერესებულ მხარეებთან. მდგრადი განვითარების რისკებისა და შესაძლებლობების განსაზღვრისთვის დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

ასე რომ თქვენს კითხვაზე, ჩემი პასუხია დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოავლინონ დაინტერესებული მხარეები და დაამყარონ მათთან კომუნიკაცია.

 

  1. მდგრადი განვიარების/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის დაწერის რა სტანდარტები არსებობს მსოფლიოში და რომელი მათგანია ყველაზე გავრცელებული?

ბოლო რამდენიმე წელია, გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტი ყველაზე გავრცელებული სტანდარტია მსოფლიოში. მეორეს მხრივ, ჩნდება ახალი სტანდარტები, როგორიცაა გაეროს გლობალური შეთანხმების ჩარჩო. თითოეულმა კომპანიამ ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს, თუ რომელი სტანდარტით სურს ანგარიშის წერა.

 

  1. რას ნიშნავს არსებითი საკითხები და როგორ უნდა განსაზღვროს ის კომპანიამ?

არსებით საკითხებს ვეძახით იმ სფეროებს, რომლებზეც კომპანიას ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს. იმისათვის რომ განისაზღვროს კომპანიის ზეგავლენები, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი არის საუკეთესო გზა; დიალოგი შეიძლება დაიგეგმოს სხვადასხვა ფორმატში და მისი შერჩევა კომპანიის გადასაწყვეტია.

 

  1. როგორია გლობალური ტენდენციები მდგრადი განვითარების ანგარიშგების თვალსაზრისით?

ბოლო დროს შეიცვალა კომპანიების მიდგომები – პროექტების აღწერის გარდა, ისინი უკვე ღიად საუბრობენ საქმიანობიდან გამომდინარე ძირითად ზეგავლენებსა და საკუთარ როლზე საზოგადოებაში; ანუ ნაკლებად ლაპარაკობენ მხოლოდ დაზოგილ ელექტროენერგიაზე, არამედ საუბარია იმ ზეგავლენაზე რაც დაზოგილ ენერგიას მოაქვს.

უფრო პრიორიტეტული ხდება ისეთი თემები, როგორიცაა მიწოდების ქსელი, ადამიანის უფლებები, თანამედროვე მონობა და გენდერული საკითხები. ანგარიშები კი გახდა უფრო მკაფიო და მოკლე.

 

  1. რა დრო დასჭირდება კომპანიას, რომ გამოაქვეყნოს მდგრადი განვითარების ანგარიში?

ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესის მასშტაბსა და კომპანიის მზადყოფნაზე – შეაგროვოს მონაცემები, მენეჯმენტის კომპეტენტურობაზე, საკმარის ადამიანურ რესურსებზე და ა.შ.

პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამ მიმართულებით კომპანიაში არსებულ გამოცდილებაზე, საშუალოდ, შესაძლებელია დასჭირდეს 4-8 თვე. რა თქმა უნდა პირველი ანგარიშგება უფრო ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად,  გამოცდილ მენეჯერებს ნაკლები დრო დასჭირდება ანგარიშის მომზადებისთვის.

 

  1. რას ურჩევდით ჩვენს ბიზნეს-წარმომადგენლებს მდგრადი განვითარებისა და ანგარიშგების კუთხით?

მდგრადი განვითარების კუთხით ვიტყოდი, რომ აარჩიეთ ერთი თემა და აქციეთ ის „თქვენ თემად.“ გამოარჩიეთ თქვენი კომპანია, სხვა, თქვენი კონკურენტი კომპანიებისგან სწორი თემის შერჩევით და შეეცადეთ იქონიოთ ამ მიმართულებით დადებითი ზეგავლენა. მნიშვნელოვანია, რომ სხვა მიმართულებებითაც იყოთ პასუხისმგებლიანები, თუმცა აირჩიეთ ერთი თემა და გახდით ამ „თემის ჩემპიონი.“

რაც შეეხება ანგარიშგებას, უმჯობესია დაიწყოთ მალე და ნელ-ნელა დახვეწოთ თქვენი ანგარიში, ვიდრე ელოდოთ იმას, რომ ოდესმე ყველაფერი წესრიგში გექნებათ და მხოლოდ მერე დაწეროთ ანგარიში. რეალურად, ანგარიშის წერა ხანგრძლივი პროცესია და ყოველწლიურად წარმოაჩენს რა ახალ-ახალ შედეგზე გადის კომპანია.

 

უღრმესი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის.

მადლობა თქვენ და იმედია საქართველოში ძალიან მალე, კომპანიები დაიწყებენ მდგრადი განვითარების ანგარიშის გამოქვეყნებას.


ესაუბრა

ელენე ჩხეიძე