ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა მოსაზრება იმ ვალდებულებებზე, რომელიც  საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და უფრო ზედმიწევნით გაეცნოს ევროპულ ღირებულებებს, საკანონმდებლო სისტემასა და ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას სდევს თან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) შექმნა პლატფორმა www.asocireba.ge. 

აღნიშნული პლატფორმა საინტერესოა, როგორც სამოქალაქო და სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან სწორედ აქ შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ჩვენ ყველას ერთად მომავალში გველოდება. 

ვებგვერდზე განთავსებულია შემეცნებითი ვიდეო გაკვეთილები, რომლებიც  10-15 წუთში შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის ევროპა და რა ღირებულებების მატარებელია, რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება და რა ვალდებულებები თუ სარგებელი შეიძლება მოუტანოს, როგორც ქვეყანას, ასევე მის თითოეულ მოქალაქეს.

ანიმაციური ვიდეო ლექციები მოკლე დროში მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ინფორმაცია ისეთი თემების შესახებ როგორიცაა:

  • ევროპა
  • ასოცირების შეთანხმების ზოგადი საკითხები
  • DCFTA
  • სურსათის უვნებლობა და სხვა.

გარდა ვიდეო გაკვეთილებისა ვებგვერდი მოიცავს: სახალისო ქვიზებსა და პუბლიკაციებს.

ქვიზები – ეს არის ვებგვერდზე განთავსებული კითხვები, რომელიც მოგცემთ საშუალებას შეამოწმოთ თქვენი ცოდნა ევროპისა და ევროასოცირების ხელშეკრულების ცალკეული თემების შესახებ. არასწორი პასუხი ნუ შეგაშინებთ, მასზე პასუხს ვიდეო გაკვეთილებში იპოვით.

პუბლიკაციები – ვებგვერდზე განთავსებულია პუბლიკაციები, რომელიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგებზეა და  რომელიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეიქმნა.

www.asocireba.ge შეიქმნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში. ვებგვერდი განახლდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.


ელენე ჩხეიძე
Please follow and like us: