კამპანია H4H – Humans for Humans | ადამიანები – ადამიანებისთვის დაიწყო 23 მარტს და მას ორგანიზებას HR პროფესიონალთა ასოციაცია უწევს.

მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც COVID-19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. პანდემიის ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანიები მათი ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით.

რიგ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რათა თანამშრომლებს შეუნარჩუნონ დასაქმების პირობები უცვლელად, თუმცა არიან კომპანიები, რომელთა ბიზნეს მოდელი მათ არ აძლევთ ამის საშუალებას. შესაბამისად გარკვეულ ბიზნეს კომპანიებსა და დამსაქმებლებს მიმდინარე ფინანსური თუ სხვა სახის კრიზისის ფონზე უწევთ შრომითი ურთიერთობების დროებით შეჩერება ან შეწყვეტა. ყველას გვესმის, რომ ეს არის და იქნება შეუქცევადი პროცესი.
HR პროფესიონალების, ისევე როგორც სხვა დარგის ექპერტების, პროაქტიული მოქმედება ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეული კომპანიის გარშემო გავერთიანდეთ, საბოლოოდ კი დავეხმაროთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამჟამად ამას ყველაზე მეტად საჭიროებს!
კამპანია H4H – Humans for Humans აერთიანებს HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, რეკრუტინგულ, საკონსულტაციო და ედვაიზერულ ორგანიზაციებს გამოცდილების გაზიარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, რათა ყველა შესაძლო რესურსის ერთად მობილიზების გზით სწრაფი და მოქნილი სისტემა შევქმნან.
H4H კამპანიის მიზანია:
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება (KNOWLEDGE SHARING) – ისევე როგორც სხვადასხვა ტიპის სერვისების მიწოდება პანდემიის მიზეზით შექმნილ გამოწვევებთან მაქსიმალურად ეფექტიანად გასამკლავებლად.
  • ადამიანების ტრანსფერი/დასაქმების ხელშეწყობა (PEOPLE TRANSFER) – კომპანიების დახმარება იმ ადამიანების დასაქმების ხელშეწყობაში (ორი დაინტერესებული მხარის დაკავშირებითა და მონაცემების გაზიარებით), რომლებთანაც დროებით შეჩერდა ან შეწყდა თანამშრომლობა.
შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც შემოსავალი თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ კომპანიებმა დაიწყონ ალტერნატიულ დასაქმების შესაძლებლობების მოძიება, თუ ვეღარ ინარჩუნებენ თანამშრომლებს.
ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების გვერდით დგომა H4H კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივია.
დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა გავერთიანდეთ!

ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: