„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა,  ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე არაფერში დავბრკოლებულვართ. მაღაზიაში უსაფრთხოების სისტემა სულ გვქონდა, უბრალოდ ახლა ახალ რეგულაციებს მოვერგეთ და გავაძლიერეთ სადეზინფექციო სამუშაოები.სამსახურიდან არავინ გაგვითავისუფლებია, მეტიც, სამუშაო დრო შევამცირეთ, რათა მძღოლებმა, რომელთაც თანამშრომლები დაჰყავთ სამსახურიდან სახლამდე, „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე მოასწრონ სახლებში მისვლა. სამი ასაკოვანი და ორი ორსული თანამშრომელი გვყავს, რომლებიც ანაზღაურებად შვებულებაში გავუშვით. ვისაც შეუძლია და მისი დასწრება არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მუშაობს დისტანციურად.

უნდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე რეალიზაცია მკვეთრად იყო მომატებული  ორივე მაღაზიაში, ხალხი პროდუქტის მომარაგებას ცდილობდა. ახლა ცოტა დარეგულირდა, მაგრამ რეალიზაციის შემცირებას ვერ ვხედავთ.“ – ამბობს თათია არაბიძე.

კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“  ქვეყანაში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში საქონლის ფერმებს ქსელს 2015 წლის ივნისიდან ფლობს. როგორც კომპანიის მენეჯერი თათია არაბიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ყველისა და რძის პროდუქტების ქარხანა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში აშენდება და მასში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი იქნება რეინვესტირებული.


წყარო: www.commersant.ge

Please follow and like us: