არაჩვეულებრივი კამპანია წამოვიწყეთ – „ახალი ხილი“. ჩვენობით იმიტომ ვსაუბრობ, რომ ყველა ჩემიანია ვინც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, დარგის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე ზრუნავს, თორემ კამპანიასთან საერთო მხოლოდ ის მაქვს რომ პერიოდულად დავწერ ხოლმე ბლოგს აღნიშნულ თემაზე.
ჩვენ, ხშირად ვუფრთხით სიახლეებს, გვეშინია, ძველი გვირჩევნია, რადგან ძველი უკვე გამოცდილია და შედეგებიც მოუტანია. სიახლეს კი ბევრი რისკი აქვს და არავინ იცის რას მოგვიტანს საბოლოო ჯამში.
არადა, თაობები მოდიან და მათ სწორედ რომ სიახლეები სჭირდებათ. ისინი სხვანაირად ფიქრობენ და თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე მომხარებელი კორპორაციებსაც „აიძულებს“ სიახლეები დანერგონ და სარგებელი მოუტანონ გარემოს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნა, რომ ბიზნესმა არ იზრუნოს მხოლოდ საკუთარ მოგებაზე და საზოგადოებასაც მოუტანოს სიკეთე. თავის მხრივ, კომპანიებიც ხვდებიან, რომ პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოებაზე ზრუნვა სასიკეთოდ აისახება მათ საქმიანობაზეც. მიუხედავად ამისა, ბიზნესის სოციალური როლის გააზრება ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი ხილია და ნაკლებად არის ცნობილი როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე ორგანიზაციების უმრავლესობისთვის.

