How corporations are stepping up to tackle crises when governments won'tდღეს ჩვენ ვდგავართ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისების წინაშე – COVID 19,  ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, კლიმატური ცვლილებები, გენდერული უთანასწორობა, სამსახურების დაკარგვა, საკვების უსაფრთხოება, გარემოს დაბინძურება პლასტმასის ბოთლებით და ოპიოიდების ეპიდემია, ეს არის მხოლოდ რამდენიმე მათგანი.

მთავრობების მხრიდან რეაგირება ხშირად არ არის საკმარისი და ამიტომ კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან  მნიშვნელოვანია. მართლაც, პრობლემები იმდენად რთულია, რომ არცერთ ცალკე აღებულ სექტორს არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს საკუთარი ძალებით. პოლიტიკოსები შესაძლოა საკმარისად არ უღრმავდებოდნენ ამ საკითხებს, ან უბრალოდ ხვდებიან, რომ მხოლოდ ისინი უძლურნი არიან გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემებს. 

და როგორ რეაგირებენ კომპანიები კრიზისის დროს ?

მაგალითად აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივად გამოყენების ტალღის შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელმა Walmart-მა ამოიღო საბრძოლო მასალები თავის მაღაზიების უმეტესობიდან. CVS, Walgreens, Wegmans და Kroger საცალო ქსელები შეუერთდნენ Walmart-ის ინიციატივას და სთხოვეს თავიანთ მომხმარებლებს, რომ აშკარად არ ეტარებინათ იარაღი თავიანთი მაღაზიების ტერიტორიაზე.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გამოდის „პარიზის კლიმატის“ შეთანხმებიდან, 2200-ზე მეტმა კომპანიამ, დიდმა თუ მცირემ, ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ კვლავ ვმონაწილეობთ“ და განაცხადეს:

”ვაშინგტონის მხრიდან ხელმძღვანელობის არარსებობის შემთხვევაში, შტატები, ქალაქები, რაიონები, თემები, კოლეჯები და უნივერსიტეტები, ჯანდაცვის სფეროს ორგანიზაციები, ბიზნესები და ინვესტორები, რომლებიც წარმოადგენენ აშშ–ს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს პროცენტულად, ისახავენ კლიმატის ამბიციურ მიზნებს, და არ დაიშურებენ ძალებს, რათა აშშ დარჩეს ემისიების შემცირების გლობალურ ლიდერად.”

როდესაც ჩრდილოეთ კაროლინამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად ტრანსგენდერ ადამიანებს ეკრძალებოდათ საპირფარეშოების გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამება მათ სქესს მათი დაბადების მოწმობებში, 68 კორპორაციამ, მათ შორის American Airlines, Apple, Cisco, eBay, General Electric, IBM, Intel, LinkedIn, Microsoft, Nike და Salesforce–მა ხელი მოაწერა მეგობრულ შეთანხმებას, რომლის მიზანი იყო კანონპროექტის დაბლოკვა.

 

კორპორაციები ერთვებიან პროცესებში

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორპორაციები ერთვებიან სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მხარდაჭერისა და ინვესტიციების განხორციელების აქტივობებში მაშინ, როდესაც მთავრობას არ შეუძლია ან არ აქვს სურვილი გააკეთოს ეს.

აი რას ამბობს Unilever-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, პოლ პოლმანი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ გლობალური გამოწვევების ფართო სპექტრს:

”მომდევნო 10 წლის განმავლობაში მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება ბიზნესს, რათა მათ უფრო სწრაფად იმოქმედონ მდგრადობის მიზნების განსახორციელებლად, უბრალოდ იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადები, რომლებიც არის დღეისათვის აუცილებელი ამ მიზნებისთვის, ვერ მოდის მთავრობიდან.”

თუმცა ხშირია ისეთი ფაქტები, რომ მძლავრი კომპანიები თავად ქმნიან პრობლემებს. მაგალითად, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი 2008 წლის ფინანსური კრიზისის წარმოშობას მიაწერენ დიდი ბანკების სიხარბეს. და ამიტომ არსებობს საკმაოდ ცხარე კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეზღუდონ მსხვილ კორპორაციათა ძალაუფლება.

ამავდროულად იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ დიდ კომპანიებში იზრდება სურვილი იმისა, რომ ისინი იყვნენ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი და არა პრობლემების შემქმნელნი. „აშშ-ს ბიზნესის მრგვალმა მაგიდამ“, ორგანიზაციამ, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს კორპორაციული მართვის პრინციპებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უარს ამბობს აქციონერთა ინტერესების უზენაესობის იდეაზე, და იღებს ვალდებულებას შექმნას ღირებულებები ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მას შემდეგ რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო პრობლემების მოგვარებაში. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც კომპანიები საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებს ახორციელებენ. აღნიშნული მიმართულბით კომპანიების პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს რუბრიკაში კორპორაციული პასუხისმგებლობა და COVID 19. 


წყარო: https://theconversation.com/

04/07/2021

Please follow and like us: