„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

წელს ჯილდო გაიცა შემდეგ ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავდა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა
  • მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა
  • საზოგადოების მხარდაჭერა
  • მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა

 

მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორის მხარდაჭერაში წელს გამარჯვებულები არიან კომპანია ტერაბანკი და OneSoft.

ტერაბანკი

„ტერაბანკმა“ Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე ჩაატარა საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა მისი ბიზნესკლიენტების საჭიროებები. პროექტი დაიწყო 2020 წლის 6 ივლისს და დასრულდა 15 ნოემბერს.

პროექტის ფარგლებში, ბანკმა დაგეგმა დარეგისტრირებული პირველი 50 კლიენტისთვის გადაეცა საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები. სასაჩუქრე პაკეტები აერთიანებდა ისეთ სერვისებს, როგორიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის მომზადება.

შედეგად, „ტერაბანკის“ ბიზნესკლიენტები კრიზისის მეორე ტალღას ციფრულ პლატფორმებსა და კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტებში უფრო მეტად გათვითცნობიერებულები შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში მომზადდა:

10 ვებგვერდი ბიზნესკლიენტების საინფორმაციო და ვიზუალური მასალით;

16 ვებგვერდი ელექტრონული კომერციის მხარდაჭერით, ბიზნესკლიენტების საინფორმაციო და ვიზუალური მასალით;

25 ბიზნესის ფოტობანკი – პროფესიონალური ფოტოსესია, დამუშავებული ფოტოები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში გამოსაყენებლად;

4 ბრენდბუქი და სახელის მოფიქრება ბიზნესკლიენტებისთვის;

25 ბიზნესკლიენტისთვის სოციალური მედიის მომსახურების გაწევა – ფეისბუქის შექმნა/გამართვა, პოსტების ტექსტისა და ვიზუალის შექმნა, სამომავლო კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა;

ბიზნესის 18 წარმომადგენლისთვის ტრენინგების სერია ფეისბუქისა და ციფრული პლატფორმების მართვაზე;

10 სატელევიზიო სიუჟეტი ბიზნესსაქმიანობების შესახებ.

პროექტი „ტერაბანკმა“ განახორციელა შემდეგ პარტნიორებთან ერთად: საკომუნიკაციო სააგენტო „კრაკენი“, სარეკლამო სააგენტო „ვოთერგანზი“, ონლაინმაღაზია „B2C”, პროფესიონალური ვებგვერდების პლატფორმა  „desk”(desk.ge), Flix Group და პროფესიონალი ფოტოგრაფი.

 

OneSoft

OneSoft აქტიურად მუშაობს ბიზნესპროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებასა და კომპანიებისთვის პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამიტომ, Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, OneSoft-მა გამოთქვა მზადყოფნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ ან 50%-იანი თანადაფინანსებით, შეეთავაზებინა კომპანიებისთვის ერთიანი პროგრამა ERP Standard-ი მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის.

პროექტი მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ხელშეწყობას. განსაკუთრებით პრიორიტეტული იყო სფეროები, რომლებიც არასტანდარტული დატვირთვით მუშაობდნენ: საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების ნივთების მწარმოებლები, საცალო ვაჭრობის თუ სადისტრიბუციო კომპანიები. მათი ძირითადი პრობლემები იყო: მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, პროდუქციის დეფიციტი, შესყიდვების არაეფექტური მართვა, ონლაინგაყიდვებზე გადასვლის კომპლექსურობა, დისტანციურად მონაცემთა პარალელური დამუშავება, დროული წვდომა და სხვა.

ჩამოთვლილ გამოწვევებზე OneSoft-მა უპასუხა კომპანიების  ეფექტური ხელსაწყოთი აღჭურვით, რომელიც მარტივად გადაჭრიდა პრობლემებს. შედეგად, ჯამურად, 12 კომპანიას სრულიად უსასყიდლოდ, უვადოდ გადაეცა პროგრამული ლიცენზიები, მომხმარებლებს ჩაუტარდათ 24-საათიანი ტრენინგკურსი. თითოეულმა კომპანიამ მიიღო, საშუალოდ, $ 2’000-ის ღირებულების თანამედროვე ERP-სისტემა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ბიზნესპროცესების სრული ავტომატიზაცია  და შესაბამისად, გამოწვევებთან უფრო ეფექტურად გამკლავება.

დღეს OneSoft-ის დაფინანსების პროექტის ბენეფიციარები აგრძელებენ ფუნქციონირებას და ERP-სისტემის დანერგვით შეძლეს ისეთი აქტუალური ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა:

  • ფულადი სახსრების დეფიციტის რისკის მინიმიზება
  • დებიტორული დავალიანებების შემცირება
  • საჭირო მარაგების დროული უზრუნველყოფა
  • ონლაინშეკვეთებისა და გაყიდვების ეფექტური მართვა

პროექტის ფარგლებში ასევე მიმდინარეობდა ვებინარების სერია ERP-სისტემების შესახებ, რათა იზოლაციის პერიოდი შემეცნებითი და პროდუქტიული ყოფილიყო მოქალაქეებისთვის.

 


29.05.2021

ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: